ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მას როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს პასუხისმგებლობა, რომ გაწვევის სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და წვევამდელების დეფიციტი არ იყოს.
მისი თქმით, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება, რადგან ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, თუკი მას სამხედრო სავალდებულო სამსახურში სწავლა არ უნდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წასვლის შესაძლებლობა აქვს.
„ჩემი ინიციატივა იმას შეეხება, რომ გაწვევის სისტემას ხელი შევუწყოთ. ჩვენ ვთქვით, რომ პენიტენციურ სისტემაში ეტაპობრივად წვევამდელებს აღარ გავიწვევთ. ჩვენ ვთქვით, რომ სტუდენტებს მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, რომ სამხედრო სამსახური დაცვის პოლიციაში გაიარონ და ამით ის ტვირთი მოიხსნან, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურს აღარ გაივლიან. რაც შეეხება მღვდელთმსახურებთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვიტყოდი, რომ არაკეთილსინდისიერად სარგებლობა გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის. „გირჩის“ გარდა, მრავლდებიან სხვა ორგანიზაციებიც, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ასეთ ცნობებს იძლევა. თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი. ჩემი ინიციატივით, იმ მუხლს ვაუქმებთ, რომელმაც გაწვევის სისტემას პრობლემა შეუქმნა.
ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციის დონეზე შეთანხმდა და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეყანაში მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. ეს განსაკუთრებულობა სხვადასხვა შეღავათებს გულისხმობს. ამაზე ქვეყანა შეთანხმდა. ამ მხრივ ჩემი მხრიდან არავითარი ცვლილება შემოთავაზებული არ არის. მე მხოლოდ იმ ნაწილს ვეხები, რაც გაწვევის სისტემას აზიანებს “, – დასძინა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ, თუმცა მართლმადიდებელ სასულიერო პირებს კვლავ შეეძლებათ, არ მოიხადონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.