გუშინ, ტვ პირველის ეთერში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას თქმით, ორგანული კანონის პროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ უზრუნველყოფს, რომ “ეთნიკურად, სულით ხორცამდე ქართველებმა” მემკვიდრეობით შეძლონ ქართველი მშობლებისგან მიწის მიღება.
“მემკვიდრეობაში ვგულისხმობ, რომ როდესაც მშობელი ცხოვრობს საქართველოში, მისი შვილი, ქართველი, პირობითად, წავიდა გერმანიაში და მიიღო გერმანიის მოქალაქეობა, მას დარჩეს უფლება, რომ საქართველოში დაბრუნდეს და დაეუფლოს მისი ოჯახის მიწის ნაკვეთს. იმიტომ, რომ ეს ადამიანი, მიუხედავად მისი ტექნიკური მოქალაქეობისა, არის ქართველი, ეთნიკურად ქართველი, სულით ხორცამდე ქართველი, ქართველების შვილი და ჰყავს ქართული ოჯახი” – განაცხადა დანელიამ.
კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს უცხოელის საკუთრებაში, თუ მიიღო მემკვიდრეობით.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ახალი შესწორებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისების დაშვება ორგანული კანონის მიღებით შეიძლება.