პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას თუ ველოდებით, რატომ არის შაბათს დანიშნული იურიდიული კომიტეტის სხდომა
„ასეთი პრაქტიკა არ არსებობს და რით არის განპირობებული არასამუშაო დღეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, როგორიც არის მოსამართლეთა არჩევის წესი და პროცედურა. ეს განმარტება უნდა გააკეთოს კომიტეტმა. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი, რაც ასახსნელია. ვენეციის კომისიის დასკვნას ან მოსაზრებებს თუ ელოდება პარლამენტის უმრავლესობა, მაშინ დაველოდოთ ამ დასკვნას.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ავტორობით არის სახელდებული, რატომ არის ასეთი არადემოკრატიული პრინციპების, რატომ არის ნათქვამი ტყუილი, თითქოს ეს არის ამერიკული მოდელი, მაშინ როცა პროცედურაც კი არ არის გაწერილი, იურიდიული კომიტეტი კანდიდატებს როგორ მოუსმენს და თურმე, ეს უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის უმრავლესობასთან“, – აცხადებს ეკა ბესელია.
მისი თქმით, კანონპროექტი არის ნაბიჯი წარსულში.
„ამ კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ მხოლოდ სააკაშვილის პერიოდის მოსამართლეებს აქვთ უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით. აი, ეს არის ის პროექტი, რასაც გვთავაზობენ საბჭოს უმრავლესობა, მოსამართლეთა ჯგუფი და კობახიძე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ამასთან, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.