ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში გარდაცვლილის, ირაკლი კავარაცხელიას მეგობარი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა ცემით მოკლეს.
იგი სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან, გასულ კვირას დააკავეს. კვარაცხელიას მეგობარი იხსენებს, რომ ადგილზე შელაპარაკება მოხდა:
“მანქანა მოვიდა, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. შელაპარაკება მოუვიდათ, ცოტა ნასვამი იყო საწყალი ბიჭი. იქ ცუდად გახდა, ექთნები მიუყვანეს, პირველადი დახმარება გაუწიეს, მაგრამ ექთნები ვერაფრით დაეხმარებოდნენ. რუსების ბაზაზეა გარდაცვლილი, შეიძლება კი არა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სცემეს. სხვა რამ უბრალოდ გამორიცხულია. ძალიან ხშირია ასეთი ფაქტები, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რუსები ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან, მაგრამ ამის თაობაზე არავის მიუწოდებია საქართველოს ხელისუფლებისთვის ინფორმაცია და არ არის ცნობილი” – გამაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, დე ფაქტო ხელისუფლებამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მისი თქმით, საქართველო ყველა მექანიზმს იყენებს ობიექტური გარემოების დასადგენად.