საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ამჟამად, კონტრაბანდული სიგარეტზე ფასის ზრდაზე აჟიოტაჟი თამბაქოს კომპანიების მიერაა ატეხილი.
როგორც “მეტრონომთან საუბრისას ზოიძემ განაცხადა, გაუგებარია თუ რატომ მოყვა თუთუნის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მის განცხადებას ასეთი გამოხმაურება, რადგან მან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია გააჟღერა.
“უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდის თემას რაც შეეხება – ცოტა გადაჭარბებულია. სულ 122 000 კოლოფია ამოღებული. როდესაც მილიონობით კოლოფი იყიდება, ეს 2%-ს არ აჭარბებს. 2% არ არის ის ციფრი, რომელზეც განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდასთან ბრძოლა უნდა გაააქტიუროს სამეგრელოში. გარკვეული მიზეზების გამო, თუ აქამდე მკაცრი ზომების მიღება არ ხდებოდა, მაგრამ მასშტაბების ზრდასთან ერთად, თუ ორგანიზებულ სახეს იღებს, აუცილებელია, რომ კონტრაბანდა აღიკვეთოს. პრევენცია უფრო საჭიროა. ძირითადად, აჟიოტაჟი თამბაქოს კომპანიების მიერაა ატეხილი, რომლებიც ცდილობენ ფონის შექმნას, რათა სიგარეტზე აქციზი შემცირდეს. უახლოეს მომავალში თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არაა.
თუთუნთან დაკავშირებით, მე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გავაჟღერე. შეხვედრა იყო და ამ შეხვედრის მერე ვთქვი. ამან გამოიწვია საოცარი აგრესია, ფაქტების კონსტატაცია. ზოგადად, აქციზი არის იმისთვის მოწოდებული, რომ ბიუჯეტი კი არ შეივსოს, არამედ ახალგაზრდებმა ნაკლები მოწიონ და ბავშვებმა არ დაიწყონ მოწევა იმ ქვეყანაში, სადაც 13 წლიდან იწყება მოწევა. ეს არის სრული კატასტროფა. საქართველოში 16 წლიდან 13 წლამდე ჩამოვიდა რეგულარული მწეველობის ასაკი. იმიტომ, რომ თამბაქოს კომპანიების მიზანმიმართული რეკლამა იყო სწორედ ბავშვებზე. სიგარეტი ისეთ ადგილებში იყო განთავსებული, რომ ახალგაზრდამ აყიდინოს დედას, მიიპყროს ყურადღება და სრულწლოვანი როდესაც ხდება, შედის მარკეტში და ყიდულობს სიგარეტს. ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის დამატებით საკმაოდ დიდი თანხები ჩაიდო, ის რაც ჯანდაცვის კომიტეტის, ჯანდაცვის სამინისტროს და საზოგადად, ჯანდაცვის ვალდებულებაა. ერთ-ერთი მაგალითია, რომ ფასზე არის ბარიერი. იმისათვის, რომ ფასზე იყოს ბარიერი, არ უნდა იყოს კონტრაბანდა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები კონტრაბანდულ სიგარეტზე გადავლენ. ამითი გამოვა, რომ აქციზზე ფასის ზრდა ბიუჯეტის შესავსებად გამოვიყენეთ. აქციზზე ფასის ზრდის მიზანია, რომ ადამიანებმა არ დაიწყონ მოწევა. რაც შეეხება მთავრობა როდის და რას გადაწყვეტს, ეს საგადასახადო პოლიტიკის ნაწილია და სხვა ფაქტორებსაც მოიცავს. მათ შორის მოსახლეობის მზაობა, რამდენად შეესაბამება ზღვარები, სად არის ზღვარი საიდანაც შეიძლება არალეგალური მოქცევა დაიწყოს… ასე, რომ საქმე ეს იყო. მთავარი მომენტი რაც არის, თუთუნიც იყიდება აქციზის გარეშე. ამ ნაწილზე გავამახვილე ყურადღება. არ ვიცი რატომ მოყვა ამას აგრესია. კონტრაბანდული სიგარეტი არ უნდა იყოს, რადგან ეს ყველაფერთან ერთად კრიმინალის გაღვივებას უწყობს ხელს და მეორე, თუთუნზე შესაბამისი რეგულაციები დაწესდეს. რა ზომის პაკეტებში უნდა იყიდებოდეს, როგორ უნდა იყოს და განსხვავება ფასებში უნდა იყოს შესაბამისი. გასაგებია, რომ სიგარეტი თუთუნზე ძვირი იქნება, მაგრამ აქ საუბარია, რომ თუთუნზე აქციზი რომ არ ვრცელდება ეს პრობლემა არ უნდა იყოს”, – განაცხადა ზოიძემ.
გარდა ამისა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ სიგარეტის ფასი ამ წელს 10 ლარი არ გახდება. აქციზის ფასი ეტაპობრივად გაიზრდება და ეს 2025 წლამდე მოხდება.
“რუსთავი 2-მა” პირდაპირ მოიტყუა, რომ სიგარეტი ძვირდება და წლის ბოლომდე ათი ლარი გახდება. როგორც ყოველთვის დეზინფორმაციის წყაროა “რუსთავი 2″. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ ხალხში რაც შეიძლება დიდი უკმაყოფილობა გამოიწვიოს. მომავალში ეტაპობრივად აქციზი გაიზრდება, მაგრამ არ წელს, არა მომავალ წელს, არამედ ეს 2025 წლამდე უნდა მოხდეს”, – განაცხადა ზოიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ქვეყანაში გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასი გავზარდოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა. ზოიძის ამ განცხადებას, საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოყვა.