შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, არავის გამოუვა, რომ შეთქმულების თეორიით ვალდებულებებს თავი აარიდოს
„მე გამოვყოფ ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რამდენიმე მომენტს. პირველი ეს გახლავთ ის რომ სამწუხაროდ, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის. ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია, რომ ამის მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებზე და სამწუხაროდ, ეს გამოუვიდათ და ყველაზე მთავარი, მე, როგორც ვიცე-პრემიერს და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს, როგორც შს მინისტრს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს ასევე, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის პორტი.
ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ ადამიანები სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ცდილობენ ვალდებულებებს თავი აარიდონ და დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. ანაკლიის პორტი ეს არის ამ ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების და ეკონომიკის კონტექსტში. არავის გამოუვა არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიით, სკანდალებით და ჭორაობით, ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ გამართულ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან (გიორგი გახარიასგან) მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.