კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსჯულებისთვის” წარმომადგენელის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, „თიბისი ბანკიდან” დამფუძნებლების ჩამოშორებას წინ უძღოდა არა პროკურატურის და ეროვნული ბანკის, არამედ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები.
მისივე თქმით, ხდება ბანკის რეპუტაციის შელახვა და ბანკიდან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების საფუძველზე მოგვიანებით მისი დამფუძნებლების ჩამოშორება.
„შეიძლება მიზნებთან დაკავშირებით რა ამოძრავებდა პროკურატურას, არსებობს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ გვაქვს კონკრეტული შედეგები, რომელიც დადგა ამ განცხადებების და გაჟონილი ინფორმაციების შესაბამისად. ეს არის ბანკის რეპუტაციის შელახვა და ბანკიდან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების საფუძველზე მოგვიანებით მისი დამფუძნებლების ჩამოშორება. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არა პროკურატურის, არა ეროვნული ბანკის, არამედ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რაც ბუნებრივია საფუძვლიანად აჩენს ეჭვებს, რომ ის მოცემულობა, რომელშიც ვართ არის განპირობებული სწორედ ამ განცხადებებით”, -განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
“თიბისი ბანკის” დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივიდნენ.
მათ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება. ჯაფარიძე და ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამენ, დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას გასცენ პასუხი.