ახალი ამბები მთავარი

“უმრავლესობიდან გასვლა დღეების ამბავია” – ნარჩემაშვილი

“სოციალ-დემოკრატების” წევრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  პოზიციების შეჯერებიდან გამომდინარე მოგვიხდება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე კვირაში მოხდება.

“ამ თემაზე ფრაქციაში გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები. მე პირადად ვთვლი, რომ როდესაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც წინააღმდეგობები არსებობს და ეს ვერ დაიძლევა გუნდის შიგნით, არ არის სწორი, რომ იყო იმ ჯგუფში, სადაც ეს წინააღმდეგობები გხვდება. პრინციპში დღეების ან კვირების ამბავია, რომ გადაწყდეს ჩვენი უმრავლესობაში დარჩენის ან წასვლის საკითხი. სავარაუდოდ, ჩვენი პოზიციების შეჯერებიდან გამომდინარე მოგვიხდება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება,”- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ამასთან, ნარჩემაშვილი გამორიცხავს ეკა ბესელიას მიერ შექმნილ ახალი ფრაქციის წევრობას.

“ჩემთვის იმთავითვე პოლიტიკაში ყოფნის მიზანი იყო ვყოფილიყავი იქ, სადაც იქნებოდა არაპერსონალისტური დამოკიდებულებები, მნიშვნელოვანი იქნებოდა იდეოლოგიურ ნიადაგზე ოპონირება. ამის იმედი მაქვს მომავალშიც. აქედან გამომდინარე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას მიეცეს გასაქანი პოლიტიკურ ასპარეზზე,” – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნება დატოვეს ეკა ბესელიამ, გედეან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ. დეპუტატ გია ჟორჟოლიანის თქმით, უმრავლესობა შესაძლოა, სოციალ-დემოკრატებმაც დატოვონ.

მმართველი პარტიიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

იტვირთბა....