„ევროპულმა საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პარტიამ შეიმუშავა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც ყოველ მოქალაქეს უტოვებს არჩევანს, ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში.
როგორც ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, საპენსიო სისტემის მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანის საშუალებას, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.
მისივე ინფორმაციით, მათ მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე.
„მოქალაქე, თუ თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.
„ევროპული საქართველოს“ დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას „ქართული ოცნების“ სქემა აკეთებს. ამ ალტერნატიული სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა.
„ევროპული საქართველოს“ დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500-ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი პენსიაზე გასვლის მომენტიდან საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება. შედარებისთვის: „ქართული ოცნების“ საპენსიო სქემით ეს ადამიანი მხოლოდ 85 ლარს მიიღებს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.