ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პირველი არხის გადაცემაში “მოამბე-დღის თემა” განაცხადა, რომ გუნდიდან ერთი წევრის წასვლაც დანაკლისია.
„სუბიექტური, ცუდი განცხადებების, დაბრალებების და ტალახის სროლის გამო, რაც არ უნდა ემოციურად გაბრაზებული ვიყო ვიღაცაზე, ნამდვილად არც ერთი წევრის დაკარგვა არ არის სასიამოვნო. მე ასე ვფიქრობ, რომ ერთი კაცის წასვლაც კი დანაკლისია, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარე აქვს. როდესაც ნამდვილად იცი, რომ გუნდში არ არის ისეთი პოტენციალი, ამ აზროვნებას და მიდგომას იმდაგვარი მხარდაჭერა ჰქონდეს, რაოდენობა ისე გაიზარდოს, რომ მყარ უმრავლესობას საფრთხე შეექმნას, ამაზეც უნდა გაკეთდეს მინიშნებები“, – განაცხადა მდინარაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სიახლეები და მასშტაბური ცვლილებები იგეგმება მმართველ გუნდში, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდი აუცილებლად უნდა გადახალისდეს და გადახალისების ეს პროცესი პრაქტიკულად, უკვე დაწყებულია.
„ჩვენი კოლეგები და გუნდის უკვე ყოფილი წევრები ამ ყველაფრის შეფუთვას თავისებურად ცდილობენ, მაგრამ გუნდი უნდა გადახალისდეს. გუნდში უნდა გაჩნდეს ახალი სისხლი, მეტი ენერგია, მეტი დინამიკა და არავის არ უნდა ეგონოს, რომ მე, ან რომელიმე ჩვენგანი კმაყოფილები ვართ იმით, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ძალიან ბევრი კარგი რამ კეთდება და ძალიან ბევრი ნეგატივი არსებობს, მძიმე სოციალური მდგომარეობაა და განვითარებას მეტი ტემპები, მეტი დინამიკა, მეტი სწორი მენეჯმენტი სჭირდება. ამისთვის საქმეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ვიღაც, თავისი სუბიექტური ინტერესის გამო, დღის წესრიგის შესაქმნელად, ვიღაცის იმპიჩმენტის საკითხს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დააყენებს და მერე, სამი დღე ვილაპარაკოთ ამაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნება დატოვეს ეკა ბესელიამ, გედეან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ. დეპუტატ გია ჟორჟოლიანის თქმით, უმრავლესობა შესაძლოა, სოციალ-დემოკრატებმაც დატოვონ.
მმართველი პარტიიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.