სამოქალაქო მოძრაობის „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ ფარგლებში 20 ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ქართული ოცნების“ 78 ლიდერის ხელმოწერა მოიტანა რომლებიც ჯერ კიდევ 2015 წელს ითხოვდნენ, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო.
მისივე თქმით, ხელისუფლებას მილიონი ხელმომწერის მოთხოვნის გათვალისწინება მოუწევს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პროპორციულ წარმომადგენლობას მივაღწიოთ. საქართველო არის ჭრელი, ჩვენ ვართ განსხვავებულნი და უნდა ვისწავლოთ ერთ ქვეყანაში ცხოვრება, ერთ ჭერქვეშ მუშაობა, მაგრამ სამართლიანი წარმომადგენლობის პრინციპით. დარწმუნებული ვარ, რომ მილიონი ქართველიც დაუჭერს მხარს და კიდევ უფრო მეტიც. რაც შეეხება იმას, ხელისუფლება გაითვალისწინებს ამას თუ არა, მე მგონია, რომ მოუწევს. ჩვენ ვმუშაობთ გეგმა „ბ“-ზეც. ხელისუფლებას არ აქვს გეგმა „ბ“ და შეუძლია მხოლოდ ხელის გადაგრეხის პრინციპით შეინარჩუნოს ძალაუფლება. გეგმა „ბ“-ს დროც მოვა, ჯერ ხელმოწერები არის შესაგროვებელი, ამაში მთელი ოპოზიცია ვერთიანდებით. მე აქ ხელცარიელი არ მოვსულვარ, მოვიტანე „ქართული ოცნების“ 78 ლიდერის ხელმოწერა, რომელიც გაკეთებულია ჯერ კიდევ 2015 წელს, რათა 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო. იმ მილიონ ხელმოწერას პირველ რიგში ამ ხელმოწერებს დავურთავთ. აქ არის ყველა დეპუტატი, ვინც წინა პარლამენტში იყო – ძიძიგური, ვოლსკი, კვაჭანტირაძე… 2015 წელს იყო „ქართული ოცნება“ მზად, რომ 2020 წელს ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები. ჩვენ ახლა მათ სურვილს ვუერთდებით და ვამბობთ, რომ თანახმა ვართ, ჩავატაროთ 2020 წელს. იმედია, მილიონი მოქალაქეც დაეთანხმება ამ ყველაფერს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, სადაც 20 პარტიის მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლა იყო.