“ყველა მინუს „ქართული ოცნება“ – 20 ოპოზიციური პარტიის მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლაა.
ხელისუფლების ოპონენტები მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
ერთმანეთის გვერდით სხდებიან გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე და საქართველოში არსებული სრული ოპოზიციური სპექტრი.
„არ შეიძლება ქვეყანაში არ გვქონდეს ნორმალური კონსტიტუცია, ნორმალური პარლამენტი, არ შეიძლება არ გვყავდეს ნორმალური პარლამენტი. ამის ქვაკუთხედი არის მოქალაქის ნების გამოხატვა, რომელიც ნორმალური პარლამენტის და ნორმალური პარლამენტარების გარეშე არ ხდება. იმ 35 დეპუტატისგან, რომელსაც სიცოცხლეში არ ჩაურთვია მიკროფონი და თავისი ბიზნესინტერესების ლობირების გარდა, არაფრით არ არის დაკავებული, 99% არის მაჟორიტარი, რომელიც ხელისუფლების მიერ არის დასმული ადგილზე, როგორც ტომის ბელადი,“- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არასამართლიანია.
„ეს არის სისტემა, სადაც სისტემა აძლევს შესაძლებლობას, გამარჯვებული კიდევ უფრო მეტად გამარჯვებული იყოს, ანუ დამატებითი ხმები მოიპაროს. სანამ ეს იქნება, წრეზე ვიტრიალებთ და განვითარების შანსი და პესპექტივა არ გვექნება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.
ოპოზიციის წევრების თქმით, იწყებენ ბრძოლას სამართლიანი, თავისუფალი საარჩევნო სისტემის დამკვიდრებისთვის.
„ფორმატი, რომელიც აქ არის, ყველა მინუს ქართული ოცნება, ეს არის ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ნიშნავს იმას, რომ სრული პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და დამოუკიდებულებისა ერთმანეთის მიმართ, ამბობს, რომ ერთიანი ბრძოლა ნორმალური, თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემისთვის მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.