დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვები უნდა დაესვათ, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ შეწყვიტა, მიზეზად კი ბანკისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა.
როგორც კაკულიამ განაცხადა, გადაწყვეტილება მან გუნდთან თათბირის შედეგად მიიღო.
სხდომის შეწყვეტას საპარლამენტო უმცირესობის უკმაყოფილება მოჰყვა, მათ სურდათ, დეპუტატების ყველა კითხვა დასმულიყო საჯაროდ, ეროვნულ ბანკს საჯაროდ ეპასუხა იმ შეკითხვებისთვის, რასაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ, ხოლო იმ საკითხებზე, რასაც ღია ფორმატში ვერ ისაუბრებდა – სხდომის დახურვის შემდეგ გაეცა პასუხი.
კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ თიბისის დამფუძნებლებმა სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე ესწრებოდნენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. მან განმარტა, რატომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად „თიბისი ბანკის“ საკითხის პარლამენტში განხილვა.