ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: მთავარი, არ ვიფიქროთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესზე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტებს

ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი, არ ვიფიქროთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ირონიაც არ არის საჭირო და არც გაბრაზებული დამოკიდებულება, თუმცა მოდით გავამარტივოთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი არგუმენტებში არ დაიკარგოს. ადამიანი, რომელიც წარსდგა პარლამენტის წინაშე თქვა ორი რამ – პირველი ის, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით მინიმუმ ერთი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და ამაზე მსჯელობა იყოს რეალური; და არა მხოლოდ მსჯელობა მსჯელობისთვის. ეს მარტივია. და მეორე, იმ საქმესთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენმა კოლეგებმა მოიწვიეს კობა გვენეტაძე პარლამენტში – არ არსებობს მსოფლიოში პრაქტიკა, როდესაც რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი, ან კერძო პირები ან მისი წარმომადგენლები – ერთად, ღია ფორმატში განიხილავენ მსგავს საქმეებს, მათ შორის საკომიტეტო მსჯელობის დროს. არ არსებობს ასეთი პრაქტიკა, რადგან ის დამაზიანებელია ფინანსური სექტორისათვის, დამაზიანებელია ეროვნული ბანკისათვის, არ შეესაბამება კონფიდენციალურიბის პრინციპს, არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რითაც ხელმძღვანელობს რეგულატორი, აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია იმის გაგება და აღქმა, რომ ასეთი ფორმატი არის დამაზიანებელი და უნდა ვიფიქროთ სხვა ფორმატზე. პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი და არ ვიფიქროთ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებსა და ინტერესებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....