პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკეის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ოპოზიციის ალაგმვა სწორი არ არის და „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივაზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი ამიტომ შევიკავა.
მისი თქმით, პარლამენტში ძალიან ბევრი ისეთი საკითხი დგება, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო.
„პატრიოტთა ალიანსმა“ ჩათვალა, რომ ეს ინიციატივა უნდა გამოეტანა. პარლამენტის ვალდებულება იყო, საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინა. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური დანაშაული მასობრივად ხდებოდა, ეს დადგენილი ფაქტია, ამაზე დავა არ შეიძლება. დავა არც იმაზე შეიძლება, რომ სახელმწიფოს ჰქონდა დანაშაულებრივი ფორმა მიღებული, მაგრამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შევიკავე იქიდან გამომდინარე, რომ სწორი არ მგონია მთავარი ოპოზიციური პარტიების ალაგმვა ქვეყანაში მიუხედავად იმისა, ისინი მომწონს თუ არა. ისინი არ მომწონს, არ მომწონდა და ძალიან მიუღებელი იყო, რასაც აკეთებდნენ მმართველობის დროს, მაგრამ ისინი ოპოზიცია არიან. ოპოზიციური ძალაა, კონკურენტები არიან და ოპოზიციის ალაგმვა სწორი არ არის, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი ამიტომ შევიკავე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე გუშინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.