ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა სასამართლოში კოლაფსს გამოიწვევს” – ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან არაკოლეგიალობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და მას რეგლამენტი არ დაურღვევიათ.

„არ არის კოლეგიალური დამოკიდებულება. ვინც კოლეგებთან ასე საუბრობს, ვურჩევ, რომ ეს არ წაადგება კოლეგიალურ მუშაობას. არ მაქვს სურვილი, მსგავს პაექრობაში შევიდე. შემიძლია ვთქვა, რომ რეგლამენტი არ დარღვეულა. ვმოქმედებთ რეგლამენტის შესაბამისად. იურისტები ვართ და თუ იურისტი სვამს ასეთ კითხვას, სულ მცირე, უნდა მიუთითოს რეგლამენტის რომელი მუხლი დაირღვა. ამას ვერ მიუთითებს, შესაბამისად, უხერხულია ასე საუბარი. ბიუროს წარედგინება დასკვნა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეადგინა. როგორც კი ჩაინიშნება, ბიუროს ექნება აღნიშნული დასკვნა“, – განაცხდა ოხანაშვილმა.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ოხანაშვილი ამბობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაისვა საკითხი, რომ წარდგენილი კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებდა კონსტიტუციურობის მინიმალურ სტანდარტსაც კი.

„ეს წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან. ეს სულისკვეთებაა გატარებული პოლიტსაბჭოს განცხადებაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი სასამართლო სისტემა. ვაგრძელებთ მუშაობას მართლმსაჯულების სფეროში, რათა დაიხვეწოს რეგულაციები და ნორმები. გვაქვს სურვილი, კიდევ უფრო უკეთესი სასამართლო სისტემა მივიღოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, კანონპროექტის მხარდაჭერა სასამართლო სისტემაში კოლაფსს და გადატვირთვას გამოიწვევს.

„რაც მთვარია, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორებიდან რამდენიმე არიან უშუალოდ ავტორები იმისა, რომ უვადოდ დანიშვნები არის გამართლებული. ხომ არ შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ მათ მიერვე მხარდაჭერილი კანონები აღარ მოსწონდეთ“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

იტვირთბა....