“სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრში შექმნილია უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სისტემურ ცვლილებებს მოითხოვენ.
მათივე განცხადებით, აღნიშნულ სერვის ცენტრში სოციალური მუშაკები მუშაობენ უფროსი სოციალური მუშაკის გარეშე.
“სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრში შექმნილია უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობა. სოციალური მუშაკები მუშაობენ უფროსი სოციალური მუშაკის გარეშე. საქმეების გადანაწილება ხდება ქაოტურად, ვინაიდან თანამშრომელბის უმეტესობის განცხადება, წამოსვლაზე, დაკმაყოფილებულია, ახალი მიმართვები ნაწილდება 4-6 ადამიანზე, რომელთაგან 4 არის სრულიად ახალი თანამშრომელი და მათ სრულფასოვნად ვერავინ უწევს ზედამხედველობას. ვერავინ ასწავლის და ეხმარება გარემოსთან ადაპტაციაში. სოციალური მუშაკები, რომლებიც ტოვებენ სააგენტოს ერთი მხრივ ითავსებენ უფროსი სოციალური მუშაკის ფუნქციებს, მერე მხრივ დაკავებული არიან მიმდინარე საქმეების დასრულება-გადაბარებით და ახალ შემთხვევებზე (ძალადობა, პოლიციის მომართვა) დაუყოვნებელი რეაგირებით. საქმეების რაოდენობიდან და სირთულიდან, ზედამხედველობისა და მხარდაჭრის არ არსებობიდან გამომდინარე სოციალური მუშაკები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც საფრთხეს უქმნის ბენეფიციარების სიცოცხლეს. მოცემულ სიტუაციაში მეურვეობისა და მზრუნველობის ყველა ბენეფიციარის: ბავშვის, ხანდაზმულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანის თუ სხვა საჭიროების მქონე პირის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ეკისრება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომელთან აბსოლუტურ კრიზისამდე მიიყვანეს და ამავე კრიზისში დატოვეს სისტემა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.