„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მიიღებს
ირაკლი კობახიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ დაუჭერს უმრავლესობა მხარს კანონპროექტს.
„კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი – გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უმრავლესობა აცხადებს სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით.
„ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.