ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ანაკლიის პორტი არის სახელმწიფოს პროექტი და საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს

„ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფოს საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან დაკავშირება ოპოზიციის მცდელობაა, რომ საკუთარ თემად აქციოს.

„ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. თითქოს მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის. სახელმწიფო როდესაც პროექტს ახორციელებს და ჰყავს დაქირავებული, ტენდერში გამარჯვებული ადამიანი, საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს. ამიტომ მე ერთს მეორესთან არ დავაკავშირებდი. სპეკულაციები, რომ კითხვები, რაც მამუკა ხაზარაძის მიმართ ისმის საბანკო საქმიანობის ნაწილში, ანაკლიის პორტს დაუკავშირონ, არის ოპოზიციის მცდელობა, რომ ეს საკუთარ თემად აქციოს. არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

იტვირთბა....