ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კალაძის გადაწყვეტილება კა-2 კოეფიციენტების გაყიდვასთან დაკავშირებით პოპულისტურია” – უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას, კოეფიციენტების მატებისა და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვის აკრძალვის შესახებ, პოპულისტურს უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ეს ქმედება პოპულისტურია, რადგან თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ჯერ არ დამტკიცებულა.

„ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. ვისაც უმუშავია და სპეციფიკა იცის, ყველა დამეთანხმება, რომ გენერალური გეგმით გათვალისწინებული ძირითადი ჩარჩოები გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში, კორექტივებს საჭიროებს. ამიტომ თუ კომისიას არ ენდობი, სჯობს, კომისია გააძლიერო, უფრო გამჭირვალე გახადო და არა საჭიროების შემთხვევაში კორექტირების შესაძლებლობა მოკლა” – განაცხადა უგულავამ.

ის კახა კალაძეს მოუწოდებს, გაასაჯაროოს მისი მერობის პერიოდში კა-2 კოეფიციენტი რამდენჯერ და ვისზე გაიყიდა.

„ამ საკითხზე კახა კალაძე იქნება სამართლიანი, თუ გაასაჯაროებს მისი მერობის პერიოდში კა-2 კოეფიციენტის გაყიდვა რამდენჯერ და ვისზე მოხდა. მახსოვს, ამ სერვისის ერთ-ერთი ბენეფიციარი იყო მაგალითად, „პანორამა თბილისი“. ამ სერვისის ხშირი ბენეფიციარი არის „არქი ჯგუფი“ რომელთანაც ახლო კონტაქტშია ეჭვმიტანილი ქალაქის დღევანდელი მერი. ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს, გაირკვეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვისზეა გაცემული კ-2-ის შეცვლილი კოეფიციენტი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, თბილისის მერის გადაწყვეტილება არასამართლიანია.

„თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პრობლემებს არ შეუქმნის ქალაქმშენებლობას და საბოლოო ჯამში, დააზარალებს მუშებს, ინჟინრებს, არქიტექტორებს, ამ სფეროს“, – განაცხადა უგულავამ.

კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება.

იტვირთბა....