ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამღვდელოებას სურს, ოჯახში ძალადობის საქმეებში მედიატორად ჩაერთოს

მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახური, გიორგი ფირცხელანი 14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ინიციატივით გამოვიდა, სასულიერო პირები ოჯახში კონფლიქტისა და ძალადობის საქმეებში მედიატორის როლით ჩაერთონ.

ამასთანავე მან ოჯახში კონფლიქტის შედეგად დაკავებული პირების პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

პრესკონფერენციაში თეოლოგი ალექსანდრე გვაზავა და ფონდის „სავსე გულით“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭილაშვილიც მონაწილეობდნენ.

სასულიერო პირის თქმით,  სამართალდამცველების ხისტი დამოკიდებულების გამო, არაერთი შემთხვევაა, როდესაც არ ხდება ოჯახში არსებული კონფლიქტისა და ძალადობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. შედეგად, არაერთი ოჯახის შემთხვევაში, კონფლიქტური სიტუაციის დროს დაკავებული მამაკაცი რამდენიმე წლით ციხეშიც აღმოჩენილა; მეუღლეები მცირეწლოვანი შვილებით კი უფრო მძიმე მდგომარეობაში.

„ბრალდებისა და დამნაშავეების ძებნის გარეშე, ჩვენ უნდა ვიპოვოთ მიზეზი, თუ რატომ მოხდა ასეთი გაუგებრობები. რატომ აღიქვა ერთმა მხარემ კონფლიქტი ძალადობად, ან მეორე მხარე რატომ მოიქცა ასე და შესაბამისად, ეს უნდა გამოსწორდეს. ამაზე იმსჯელებს პარლამენტი და ჩვენ აქტიური მუშაობა გვაქვს პარლამენტთან“, – განაცხადა მამა გიორგიმ.

ფონდის „სავსე გულით“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭილაშვილმა განაცხადა, რომ მათ აქვთ პატიმარ ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება. იმ პირებს, რომლებიც ოჯახში ძალადობას განიცდიან ან კონფლიქტი აქვთ, მოუწოდა, მიმართონ დახმარებისთვის ცხელ ხაზზე: 555 90 60 27, სადაც მიიღებენ ფსიქოლოგიურ და სოციალური მუშაკის დახმარებას.

იტვირთბა....