ყოფილი პატიმრი თენგიზ ნაზღაიძე, ციხის კადრების ავტორის ლადო ბედუკაძეზე თავდასხმაშია ბრალდებული. რუსთავი2-მა ნაზღაიძის დედასთან ისაუბრა.
როგორც შორენა ქალდანი ყვება დაპირისპირების ინიციატორი თავად ლადო ბედუკაძე იყო.
“წავიდა ეკლესიაში და გარეთ რომ გამოვიდა დახვდა ჯალათი ბედუკაძე, რომელმაც ციხეში სიკვდილამდე მიიყვანა ჩემი შვილი. ეკლესიის ეზოში რომ შეხვდნენ ბედუკაძემ ინტრიგნულად ჩაიცინა, რომ ჩაიცინა ჩემი ბიჭი გაგიჟდა მიცანიო, რატომ მირტყამდი და რატომ მაწამებდიო” – ყვება კურიერთან ინტერვიუში ყოფილი პატიმრის თენგიზ ნაზღიძის დედა, შორენა ქალდანი.
დედის ინფორმაციით, გლდანის ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში მის შვილს ლადო ბედუკაძე აწამებდა. ოჯახის მტკიცებით, მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ნაზღაიძე ბრალს არ აღიარებდა, ბედუკაძის მხრიდან კი არაადამიანური მოპყრობის მიზეზი აღიარებითი ჩვენების მიღება იყო.
თენგიზ ნაზღაიძემ გლდანის ციხე 2015 წელს დატოვა. მას შემდეგ ოჯახი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ლადო ბედუკაძის დასჯას ითხოვს, მათ საჩივარი მთავარ პროკურატურაშიც შეიტანეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. წამების ფაქტებზე წერილი ოჯახმა ეკა ბესელიასაც გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ცემეს. ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.
მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დაპირისპირების ორივე მონაწილე პოლიციამ უკვე გამოკითხა. მათ სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდათ.