სასულიერო პირების მხრიდან, სასულიერო სემინარიიდან პროფესორის გოჩა ბარნოვის შესაძლო გათავისუფლებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარი, მამა ანდრია სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა სემინარიაში არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ გახადა თვალსაჩინო.
„ტრაგიკული არის პირდაპირ რომ ვთქვათ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ აკადემიის პრობლემებზე. უკვე ორი წელიწადია არაერთგზის აღმინიშნავს, რომ იქ არამხოლოდ ადამიანებს ზოგადად ზეწოლის, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ უწევთ ყოფნა. შესაბამისად, ის ნათელი წერტილები, რომლებიც არიან გარკვეული ლექტორების სახით, მათ შორის ბატონი გოჩა ბარნოვი, მათი გაშვება იქიდან ნათელი დასტურია იმისა, რომ თავისუფალი სიტყვის არსებობის პრობლემა არის. შესაძლოა იქ ის, ვინც დღეს მუშაობს, რა თქმა უნდა გარკვეული პირობების გამო ვერ ამბობენ ღიად, მაგრამ ჩვენ დროთა განმავლობაში უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს პრობლემები ბევრად სავალალოა ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ. სანამ დროული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, მანამდე უფრო შორს გაიჭრება ეს მძიმე ვითარება და ის სტუდენტები, ვინც იქ მიდიან არათუ სიმშვიდეს, ფსიქოლოგიურ სტრესს და დემორალიზებას განიცდიან“ – ამბობს მამა ანდრია.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით 7 თებერვალს ლექციები შეუჩერეს. ბარნოვის განცხადებით, ლექციების შეჩერება იმ საბაბით მოხდა, რომ ის პატრიარქის მტერია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ბარნოვმა გაავრცელა.
თეოლოგის გათავისუფლებას არ ადასტურებენ სასულიერო აკადემიის ლექტორები და საბჭოს წევრები. მამა ბიძინა ამბობს, რომ საბჭომ ბარნოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე იმსჯელა, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მისი გაშვების შესახებ მიღებული არ არის.