საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, განათლების და მეცნიერების სივრცისთვის, კულტურისა და სპორტის მიერთება ძალიან დიდი შეცდომა იყო.
დეპუტატის შეფასებით, ამან კარგი ვერაფერი მოიტანა.
“მოხდა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ჩვენ განათლების და მეცნიერების სივრცეს მივაწებეთ კულტურა და სპორტი. ვერაფერი კარგი ამან ვერ მოგვიტანა. გავაჩეროთ ნებისმიერი ადამიანი – კულტურის მუშაკი, სპორტის წარმომადგენელი ან უბრალოდ საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც დაეთანხმება დღეს არსებულ ვითარებას, რომ რამე შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, არათუ უმცირესობაში, არამედ მარტო ვიყავი ამის მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ გაურბის შეცდომის აღიარებას. ჩემი აზრით, უახლოეს ხანში ჩვენ უნდა შევუდგეთ ამას, იმიტომ, რომ კულტურას ეკუთვნის საკუთარი მინისტრი ჰყავდეს, რადგან ის უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი სახე. ამას რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა ქანთარიამ პარლამენტში განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენის დროს სიტყვით გამოსვლისას.