ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი არ დააკმაყოფილა

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, ადმინისტრაციული სარჩელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მათი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო ითხოვდნენ, თუმცა როგორც მოსამართლემ განმარტა, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.

სარჩელი მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” შეიტანა.

“სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2017 წლის 26 დეკემბერს ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე 2017 წლის 26 დეკემბერსა და 2018 წლის 4 იანვარს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, რომელშიც სუს-ის ოფიციალური წარმომადგენლები მტკიცებით ფორმაში უთითებდნენ მოსარჩელეების შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლით (ტერორიზმის მხარდაჭერა) გათვალისწინებული დანაშაულის განხორციელების თაობაზე”, – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

იტვირთბა....