ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების მოხსნის საკითხზე კონსულტაციებს სწრაფად დავასრულებთ” – ბატიაშვილი

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდების შესაძლო მოხსნის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოსთან, სკოლებსა და ექსპერტებთან კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, საზოგადოება გადაწყვეტილების შესახებ ძალიან სწრაფად შეიტყობს.

“ამაზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს გავდივართ. თქვენ იცით, რომ ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართულები და ვფიქრობთ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე, ყველა რისკისა და ყველა მხარესთან კონსულტაციის გათვალისწინებით მივიღებთ, იქნებიან ესენი სკოლები, ექსპერტები თუ საკანონმდებლო ორგანო. ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული. მე-11 კლასელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მე-12 კლასი მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ გარწმუნებთ, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციას ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ამ კონსულტაციებზე წლევანდელ წელთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

იტვირთბა....