ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა დროულად აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება” – იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა დროულად აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გადაუხადოს დაზარალებულებს კომპენსაცია.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე, რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში საწარმომადგენლობის უფროსი ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში ირაკლი გივიაშვილი.

მოცემული გადაწყვეტილება დიდმა პალატამ 16 ხმით ერთის წინააღმდეგ გამოიტანა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რუსეთმა მოცემული თანხა საქართველოს სახელმწიფოს დღეიდან 3 თვის განმავლობაში უნდა ჩაურიცხოს, ხოლო ყოველ გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა გადაიხადოს. დიდი პალატის მიერ ასევე დაზუსტებულია, რომ საქართველოს სახელმწიფომ მიღებული თანხა სულ ცოტა 1500 დაზარალებულზე ისე უნდა გადაანაწილოს, რომ მათთაგან, ვინც მხოლოდ კოლექტიური გაძევების მსხვერპლი იყო, თითოეულმა 2000 ევროს ოდენობის თანხა, ხოლო ასევე უკანონო დაკავების/პატიმრობისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლებმა დამატებით 10 ათასიდან 15 ათასამდე ევრო მიიღონ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს მიეცათ 12-თვიანი ვადა. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, ევროპული სასამართლოს ინსტრუქციის შესაბამისად, 2015 წლის 1 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა წერილობითი მოსაზრებები კომპენსაციის თაობაზე და დაეყრდნო საქმეში − „კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ“ − დადგენილ პრეცედენტს. რუსეთი არ დაეთანხმა საქართველოს პოზიციას, მათ შორის მოთხოვნილი თანხის ოდენობას, მისი განსაზღვრის პრინციპს და გაიხსენა, რომ საქართველოს მთავრობას საჩივრის შეტანისას მხოლოდ ერთი ასეული დაზარალებულის მონაცემი ჰქონდა წარდგენილი. მანვე სასამართლოს ურჩია, დაინტერესებულიყო დაზარალებულთა რეალური ოდენობის საკითხით. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობისაგან 2015 წლის 6 ნოემბერს იმ პირთა სახელობითი სიის მიწოდება მოითხოვა, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ტერიტორიაზე დევნისა და კოლექტიური გაძევების მსხვერპლნი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლამდე, დავის არცერთ ეტაპზე, რუსეთის ან საკუთრივ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან 2007 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემის წარდგენის თაობაზე რაიმე ტიპის არგუმენტი ან შეკითხვა არ წამოჭრილა.

ვინაიდან აღმოჩნდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს მთავრობას მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემები ჰქონდა დამუშავებული და სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შეტანის დღიდანვე მთავრობა 4634 რუსეთიდან გამოძევებული ჩვენი მოქალაქის უფლებების დარღვევების გამო დავიბდა, 2015 წლიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოუწია, ემტკიცებინა, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებული მხოლოდ 118 პირი არ ყოფილა და განეხორციელებინა კომპლექსური ღონისძიებები თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალური მონაცემების შეგროვების მიზნით.

სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის მიღების შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა, და სხვ.). მთლიანობაში, იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული საკომუნიკაციო და მოძიებითი სამუშაოების შედეგად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში − 2016 წლის 1 სექტემბერს, გაიგზავნა 1795 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს არაერთხელ შეატყობინა, რომ გაგზავნილი სია იყო საილუსტრაციო, რომელიც რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებდა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა 4600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება.

1795 მსხვერპლის მონაცემების შეგროვება იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გამოძევებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც არ არსებობს თავის დროზე აღრიცხული მონაცემები და სათანადო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, საჭირო გახდა ამ სიის თითქმის ნულიდან შედგენა. ეს პროცედურა მოიცავდა ათეულობით ათასი გვერდი საარქივო თუ სხვა მასალის დამუშავებას, საქართველოში და, ასევე, მის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში დაზარალებულების იდენტიფიცირებას სხვადასხვა წყაროდან, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას, მათთან უშუალოდ დაკავშირებას, მათი მსხვერპლად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებას, დახარისხებასა და ინგლისურ ენაზე თარგმნას. რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივი და აუცილებელიც იყო 2007 წელს, სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს ამ სიის შედგენა, მაგრამ ეს არ გაკეთებულა, და როგორც აღინიშნა, მაშინ მხოლოდ 118 დაზარალებულის შესახებ მონაცემი გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში.

საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ კომპენსაციის თაობაზე 2014-2016 წლებში წარდგენილი არგუმენტები და ჩათვალა, რომ მორალური კომპენსაცია ეკუთვნოდა საქართველოს სულ ცოტა 1500 მოქალაქეს, რადგან დანარჩენებს ან რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ მიღებული, ან მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები იყვნენ და არა – საქართველოსი, ან კიდევ ცალკე ჰქონდათ იმავე საკითხზე ევროპული სასამართლოს წინაშე ინდივიდუალური საჩივარი წარდგენილი ან კიდევ მიყენებული ზიანი რეალური არ იყო და სხვ.

ამიერიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა დროულად აღასრულოს გადაწყვეტილება და გადაუხადოს დაზარალებულებს კომპენსაცია“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....