“მეტრონომის” წყაროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის უფროსად, შესაძლოა, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი, შოთა ჭანუყვაძე დაინიშნოს. თუმცა, მის გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
რაც შეეხება შოთა ჭანუყვაძეს ის ოზურგეთის ყოფილი გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ძმაა. მერაბ ჭანუყვაძე გამგებლის თანამდებობიდან გურიის გუბერნატორის პოსტზე გადაიყვანეს, თუმცა პრემიერი ბახტაძის მოსვლის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. აღსანიშნავია, რომ მერაბ ჭანუყვაძე აპირებს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლოს.
მერაბ ჭანუყვაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც მისი გამგებლობის პერიოდში რიგი დარღვევების გამო, აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა ცნობილი.
საქმე შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც, რომელმაც შეამოწმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-17 წლების საქმიანობა და დაადგინა, რომ ამ წლებში გაყიდული მიწებიდან მუნიციპალიტეტს ნაცვლად 357 600 ლარისა, უნდა მიეღო 10 მილიონ 722 ათას 200 ლარის შემოსავალი. შესაბამისად, ოზურგეთის გამგეობის და საკრებულოს პასუხისმგებელი პირების მოქმედების შედეგად, ბიუჯეტმა დაკარგა რამდენიმე მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ ქონების მართვის პროცესში გამოვლენილი დარღვევები იმდენად ყოვლისმომცველია, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გაყიდვა განხორციელდა არა თვითმმართველობის, არამედ კონკრეტული პირების პირადი ინტერესების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი შოთა ჭანუყვაძე მმართველი გუნდის მხრიდან ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც მისი სამსახური პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინაუგურაციის დროს, კახეთის გზაზე, საკმაოდ აქტიური იყო და ოპოზიციასთან დაპირისპირებისას მაქსიმალურად ცდილობდა მოსალოდნელი ექსცესების თავიდან აცილებას.