ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამწუხაროდ, ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ასოცირდება რუსულ გავლენასთან”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ კონსტრუქციული უწოდა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრას და მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის მიმართ კორექტული მიდგომისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იმიტომ, რომ ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ მივიღოთ ესა, თუ ის გადაწყვეტილება“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მუეფე შიომ. ინფორმაცის რადიო თავისუფლება ავრცელებს.

პატრიარქის თანამოსაყდრემ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქო სრული გაგებით ეკიდება საქართველოს ეკლესიის ამ ეტაპზე აუჩქარებელ პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ. მეუფე შიოს თქმით, სინოდის სხდომაზე, რომელიც გასული წლის ბოლოს გაიმართა, გადაწყდა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განიხილება შემდეგ სხდომაზე, რადგან არსებობს ბევრი დეტალი და შეკითხვა, რასაც მუშაობა სჭირდება. მიტროპოლიტმა ვერ დაასახელა სინოდის შემდეგი სხდომის თარიღი.

„სამწუხაროდ, ჩვენთან არის ისეთი განწყობები, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ასოცირდება რუსულ გავლენასთან. სინამდვილეში, დღეს თქვენ მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენ პოზიციას.“  – მეუფე შიო.

კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიის პოზიცია საქართველოს ეკლესიისთვის შემაფერხებელი ფაქტორი ნამდვილად არ არის.

„ჯერჯერობით როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან“ – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

მედიის შეკითხვას, როგორ შეაფასებს იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერას, მეუფე შიომ უპასუხა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, რომ ვიღაც მხარს უჭერს, ვიღაც წინააღმდეგია და ვიღაც თავს იკავებს, ამიტომ დრო სჭირდება.

„მსოფლიო საპატრიარქო ენდობა მისი უწმინდესობის სიბრძნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში“- განაცხადა პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საკუთარი აზრი ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოუცხადებია. ასევე გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია გუშინ ღამით საგანგებო ვიზიტით თბილისსში ჩამოვიდა.

იტვირთბა....