ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოციალურ მუშაკთა ასოციაცია: ბავშვთა დაცვის რეფორმა დღეს არაეფექტურია

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო ად აცხადებს, რომ ბავშვთა დაცვის რეფორმა დღეს უკვე არაეფექტურია და საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწას.

ასოციაცია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან საქმის მოკვლევის დასრულებამდე.

“საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის რეფორმა წლებია მიმდინარეობს, თუმცა სისტემა ვერ პასუხობს უამრავ გამოწვევას, რასაც ადასტურებს აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა და ასევე, მანამდე მომხდარი სხვა ფატალური შემთხვევებიც. ფაქტია, რომ წარმატებით დაწყებული ბავშვთა დაცვის რეფორმა დღეს უკვე არაეფექტურია და საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწას. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უკვე მრავალი წელია მოუწოდებს რეფორმის მესვეურთ ცვლილებების განხორცილებისკენ, მაგრამ უშედეგოდ. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია კრიტიკულად მიიჩნევს, რომ უფრო ქმედითი გახდეს საქართველოს მთავრობის დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესახებ. დოკუმენტი სხვადასხვა უწყებას დროულ რეაგირებას და ურთიერთთანამშრომლობას ავალდებულებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა ადასტურებს, რომ ბავშვთა დაცვის მიმართულებით უამრავი სისტემური პრობლემა დაგროვდა. კერძოდ, უწყებების ურთიერთთანამშრომლობა ვერ ხორციელდება, სისტემა არ ან ვერ ზრუნავს თავისი კადრების პროფესიულ განვითარებაზე, არასაკმარისია ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები, თითქმის არ არსებობს სარეაბილიტაციო მომსახურებები და ა.შ. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს მოხდეს საქმის ადეკვატური მოკვლევა და გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად დაუყოვნებლივ დაიგეგმოს ცვლილებები ბავშვთა დაცვის სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესების მიზნით. ამასთან, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან საქმის მოკვლევის დასრულებამდე. ჟურნალისტებს კი ვთხოვთ, საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ აღნიშნული საქმის ირგვლივ ყველა ფაქტის გაშუქებას”, – ნათქვამია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განცხადებაში.

იტვირთბა....