საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად იმატებს.
„წითელასთან დაკავშირებით მივმართავ მოსახლეობას – პირველი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად იმატებს წითელას რაოდენობა. პირველი იანვრიდან სულ 312 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან 2000-2200 შემთხვევა იყო. სამწუხაროდ სამი გარდაცვალებით დასრულდა. წითელა არ არის სახუმარო დაავადება. ის სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი“ აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, წითელა მთელ ევროპაში პრობლემაა.
„გასულ წელს 41 000 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 35 გარდაცვალებით დასრულდა. წითელა მხოლოდ იმუნიზაციას ემორჩილება. წითელა ემართება იმ ადამიანებს, ვისაც არ გადაუტანიათ ეს დაავადება ან არ გაუკეთებიათ აცრა. აცრის ან დაავადების გადატანის შემდეგ, რჩება მყარი იმუნიტეტი და დიდი ალბათობით 97-98 პროცენტს წითელა მეორედ არ ემართება. საქართველოში დაავადებულების ყველაზე დიდი კონცენტრაცია, 56 პროცენტი 20-40 წლის ადამიანებზე მოდის, რვა პროცენტი 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებზე. სავარაუდოდ მათ დედებს აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სერიოზულად იზრდება წითელას შემთხვევების რაოდენობა და იმუნიზაციის გარეშე მისი შეჩერება ვერ მოხერხდება.
„ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიმართოს პოლიკლინიკას და აიცრას სრულიად უფასოდ. მოვუწოდებ მშობლებს, გაიხსენონ აქვთ თუ არა მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. თუ არ აქვთ, აცრან ბავშვები. ასევე, 20-40 წლის მოქალაქეებს თუ არ გადაუტანიათ წითელა ან თუ არ აქვთ აცრა გაკეთებული, მიმართონ პოლიკლინიკებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება კახეთსა და იმერეთს, სადაც განსაკუთრებით მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი.
„დაავადება სერიოზულად იზრდება. გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება. გუშინ მომზადდა მთავრობის განკარგულება წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ღონისძიებების შესახებ, სადაც სერიოზულად მკაცრდება ნორმები და ეძლევათ მითითება შესაბამის უწყებებს აუცილებელ აცრებთან დაკავშირებით“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.