ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურა მარნეულში, 30 წლის გოგოს დაჭრისთვის დაკავებული დედის პატიმრობას ითხოვს

მარნეულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებაში ბრალდებულისთვის პროკურატურა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

საგამოძიებო უწყებამ მარნეულის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

პროკურატურამ დედას, რომელმაც 30 წლის შვილი დანით დაჭრა, ბრალდება უკვე წაუყენა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტში დედამ შვილი დაჭრა. როგორც ირკვევა, 30 წლის ქალს ჭრილობები ყელისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ქალს, რომელიც დაოჯახებულია, მიმოწერა სხვა მამაკაცთან ჰქონდა და მას, სავარაუდოდ, ინტიმური ხასიათის ფოტოებს უგზავნიდა. მამაკაცი მას ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა.

ქალმა თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმაც შეიტყვეს, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა.

სასამართლო პროცესი ხვალ, 15 იანვარს ჩაინიშნა.

იტვირთბა....