სამწუხაროა ის ფაქტი, რომ „თიბისი ბანკის“ არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. „თიბისი ბანკს“ და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს, – ამის შესახებ “თი ბი სი” ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„8 იანვარს, გვიან საღამოს, რამდენიმე მედია პორტალმა გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას.
ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს – „თიბისი ბანკს“ – ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს.
„თიბისი ბანკი“ არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და ინვესტორების მიერ.
„თიბისი ბანკი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ „თიბისი ბანკის“ არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. „თიბისი ბანკს“ და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:
• არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს;
• არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
• ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.
„თიბისი ბანკი“ ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს „თიბისი ბანკის“, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურა TBC ბანკის დოკუმენტებს სწავლობს.