ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს” – ჭიჭინაძე

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გედევან ფოფხაძის გაწვევას ეხნაურება და აღნიშნავს, რომ ფოფხაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა. „ქართულმა ოცნებამ“ არამარტო დაპირებების შესრულება გადადო გვერდზე, არამედ ძალიან ცუდ გზას დაადგა, რომელსაც ადამიანების ღირსების შელახვა ჰქვია.

„გუშინდელი გადაწყვეტილება იყო დიდი შეცდომა იმიტომ, რომ შენ როდესაც ერთ-ერთ თანაგუნდელის გამოწვევის საკითხს კენჭისყრაზე აყენებ, პრინციპში, ამ ადამიანებს უკვე აპირისპირებ და ერთმანეთისადმი უნდობლობას იწვევ. საკუთარი კოლეგის მიმართ ასეთი საქციელი, როცა ერთი ჯგუფის ინტერესებს ემსახურები და მეორე ჯგუფისას ფეხქვეშ თელავ, ამას სხვა რაღაც ჰქვია. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ არამარტო დაპირებების შესრულება გადადო გვერდზე, არამედ ძალიან ცუდ გზას დაადგა, რომელსაც ადამიანების ღირსების შელახვა ჰქვია. ღირსებაშელახული დეპუტატები საკმაოდ მძიმე საყურებელი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს, ჭიჭინაძე აცხადებს, რომ აღნიშნული 10 კანდიდატის მხარდამჭერი პარლამენტში ბევრი არ იქნება.

„76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს. სხვა რამეს ამ ადამიანებს ვერ დავარქმევ, ვინც ამას მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, არამარტო საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, არამედ მათ საგვარეულო ხაზზეც კი აისახება ეს”,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

 

იტვირთბა....