„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას აპირებს.
მისივე თქმით, ის და მისი მხარდამჭერები იწყებენ აქციას წითელი ჟილეტებით.
„როგორც მოგეხსენებათ, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაინაღდა საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ფულები რაც დახარჯა, უნდა, რომ ასმაგად ამოიღოს ჩვენი ხალხისგან. დღეს აპირებენ ტარიფის გაძვირებას. მთელი ევროპა შეაზანზარა ყვითელ ჟილეტიანთა მოძრაობამ, მთელი პარიზი. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სემეკ-თან მიმდინარე აქციაზე ასევე მივიდა ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც სემეკ-ში სხდომაზე შევიდა და კომისიის წევრებს პეტიცია გადასცა. ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ სემეკ-მა ვერ გაბედა მოსახლეობისთვის გაზის გაძვირება, თუმცა, მისი ინფორმაციით, ტარიფი შესაძლოა, კომერციული სექტორისთვის გაიზარდოს. ჩხარტიშვილმა კომისიის წევრებს „ივანიშვილის მარიონეტები“ უწოდა.
შალვა ნათელაშვილი და მისი მხარდამჭერები სემეკ-თან აქციას წითელი ჟილეტებით მართავენ.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისია დღეს გაზის ტარიფის პროექტზე მსჯელობს. სემეკ-ის პროექტის თანახმად, თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი მცირედით დაიკლებს.