იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დასახელების შესახებ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება გარდაუვალი აუცილებლობიდან იყო გამომდინარე.
მიქაუტაძის განმარტებით, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში გადავიდა და საბჭო ვალდებულია, პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირის გამო, ძალიან დიდი რაოდენობით გაჭიანურებული საქმეებია. ამიტომ არის მოქალაქეთა უკმაყოფილება, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში საჩივრების რაოდენობა იმატებს. ეს კი, მიანიშნებს, რომ მოსამართლეთა სიმცირის გამო, არ არის სამართალწარმოების პროცესი მოწოდების სიმაღლეზე.
მოსამართლე წევრებმა სიის შესახებ გუნდურად მივიღეთ გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს არიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ნებისმიერ პირობებს”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. =