ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუკი პოლიციელის მიმართ ძალადობა დაშვებული იქნება, ისინი აღარ გადაარჩენს ადამიანებს” – სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა, რომ  თუკი პოლიციელის მიმართ ძალადობა დაშვებული იქნება, ეს გამოიწვევს იმას, რომ პოლიცია აღარ დაიცავს წესრიგს და აღარ გადაარჩენს ადამიანებს.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, პოლიცია, ჯარი, უსაფრთხოების სამსახურები და სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტებია.

„ჩვენი ოპონენტები, „ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადად ორმაგი სტანდარტებით რომ მოქმედებს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის და ამ ფაქტს არ გამოვეხმაურები. მე მინდა ჩვენი საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც არის თითოეული ჩვენგანის საზრუნავი და დასაცავი არა ვინმესგან, ან რამისგან, არამედ, პრინციპების დონეზე. არის ქვეყანაში სიმბოლოები, რომელსაც სჭირდება არა უბრალოდ დაცვა, არამედ, სწორი აღქმა. პოლიცია, ჯარი, სასამართლო – ეს ის სიმბოლოებია, რომელზეც დგას ქვეყანა. ეს ქვეყანა რომელიმე პოლიტიკური ძალის არ არის, ეს ქვეყანა არის საზოგადოების და მოქალაქეების. ასეთი მიდგომა, რომ პოლიციის მიმართ ძალადობა შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურად მოტივირებულად ან არამოტივირებულად, ვიღაცა უნდა დაისაჯოს ან არ უნდა დაისაჯოს, ეს არის იმ პრინციპების დანგრევა, რაც სახელმწიფოს ანგრევს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ხელისუფლებას. ამიტომ, მე პირველ რიგში, მოლოდინი მაქვს, რომ ის სწორი რეაქცია და პროფესიონალიზმი, რაც გამოავლინა პოლიციამ, საზოგადოების მხრიდან სწორად იქნება აღქმული და ასევე, მხარდაჭერილი. თუ ჩვენ, საზოგადოება არ დავიცავთ ამ პრინციპებს, მაშინ თითოეული ჩვენგანი აღმოჩნდება საფრთხის წინაშე.

თუკი პოლიციის მიმართ ძალადობა შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ეძალადოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, არამედ სხვა მოქალაქეც, რაც საერთო ჯამში მოგცემს იმ სურათს, რომ პოლიცია უბრალოდ გვერდზე გაიწევა, წესრიგს არ დაიცავს და ადამიანს ვეღარ გადაარჩენს. ჩემი განცხადება უფრო მეტად მიმართულია საზოგადოებისკენ, იმისკენ, რომ საზოგადოებამ დაიცვას საერთო ინტერესები, რომლიც არის იმ სიმბოლოების განმტკიცება, რაზეც სახელმწიფო დგას. ეს არის ჯარი, ეს არის პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები, სასამართლო ხელისუფლება – ეს არის ის ძირითადი ინსტიტუციები, რომლებიც პოლიტიკურად ნეიტრალურია და რომელიც არის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი” – განაცხადა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის დაკავებასაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების განცხადებებს და მიდგომებს: გარდა იმისა, რომ, სამწუხაროდ, შეჩვეული ვართ ნაცმოძრაობის მხრიდან ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას. ნათელი მაგალითი ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულებისა, არის ის, რომ, კაცი, რომელიც მიზანმიმართულად პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებდა და ძალადობდა, ამ ადამიანს მათი ლიდერი გმირს უწოდებს და ამით ამკვიდრებს იმ სტერეოტიპს, რომ ხელისუფლებას ებრძოლე ნებისმიერი მეთოდებით, თუნდაც ეს იყოს იმ ღირსეული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორებიც პოლიციელები არიან და შენ გმირი გეწოდება. ამით კიდევ უფრო წაახალისა სააკაშვილმა თავიანთი მომხრეები ძალადობისკენ, რაც მე პირადად, როგორც პოლიტიკოსს არ გამკვირვებია, მაგრამ მიკვირს იმ ადამიანებისგან, რომელთაც პრეტენზია აქვთ ნეიტრალურობაზე, სამოქალაქო საზოგადოების სახელზე და ამაზე არ ახდენს რეაქციას და მეტიც, მაქსიმალურად ერიდება, რომ ამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და პასუხიც მოსთხოვოს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს დავით კირკითაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატომრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....