„შინაგან საქმეთა მინისტრს არ გამოუვა თავი აარიდოს პასუხებს და ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხები”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მოკლული, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრი მოდის პარლამენტში, რომელიც რამდენჯერმე დავიბარეთ და არ მოვიდა. მას არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე, რაც საგამოძიებო კომისიამ დაუსვა. კონკრეტულად იმაზე, თუ რატომ არ არის დაწყებული გამოძიება პროკურატურის თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ. რატომ არ არის დამატებითი გამოძიება დაწყებული მირზა სუბელიანის ქმედებებში – რა დანაშაულებრივი ქმედებების გამოიკვეთა იმ საქმეზე, რატომ არ არის ბრალი წაყენებული ამ თემებზე ჩვენ ველით შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს. ამიტომ მე შევხვდი ზაზას. ისიც ბუნებრივია იზიარებს ამ პოზიციებს და მასაც აინტერესებს. დღეს, როგორც ჩანს ხელისუფლების დამოკიდებულება არის, რომ გადაავადოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. იმედი აქვთ, რომ საზოგადოებრივი ყურადღება მოდუნდება ამ თემის მიმართ. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ”, – განაცხადა კაპანაძემ.
ზაზა სარალიძეს სურს, 21 დეკემბერს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე გამოსვლას დაესწროს. მანამდე კი სარალიძე “ევროპული საქართველოს” წევრებსა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს შეხვდა.