ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეზვრიშვილი: პირადად დავინტერესდები თუ ამას სექსისტური მოტივაცია ჰქონდა

“ქალი პოლიციელები ისევე კარგად იცავენ მართლწესრიგს, როგორც კაცები”, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნათია მეზვრიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გურჯაანში მიმდინარე აქციაზე, წინა ხაზზე ქალი პოლიციელების გამოხმაურებას სექსისტური უწოდეს.

მისივე თქმით, ის პირადად დაინტერესდება საკითხით, შეგნებულად, სექსისტური მოტივაციით მოხდა ქალი პოლიციელების წინ წამოწევა თუ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.

“წინასწარ ვერანაირად ვერ იქნებოდა ცნობილი, დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის რა ღონისძიება იქნებოდა გამოყენებული. ოპოზიციამ დააანონსა აქციები. როგორც ვიქცევით ხოლმე აქციების დაანონსების წინა დღეებში, გუშინაც გავავრცელეთ ინფორმაცია და დღესაც, რომ პოლიცია დაიცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რა რაოდენობის პოლიციაც მივიჩნიეთ საჭიროდ იმისთვის, რომ მართლწესრიგი დაგვეცვა, იმ რაოდენობის პოლიცია მივიყვანეთ გურჯაანში. რაც შეეხება ქალების ყოფნას, მე მოვისმინე განცხადებები, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან, არასამთავრობოების მხრიდან, რომ თითქოს ქალები იქ არ უნდა მდგარიყვნენ. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს არის ქალი პოლიციელის როლის დაკნინება პოლიციის სისტემაში”, -განაცხადა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, არ იცის ეს შეგნებულად გაკეთდა თუ არა.

“არ ვიცი, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები. ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, ვინაიდან კახეთში საკმაოდ მეტი რაოდენობის პოლიციელი ქალი მუშაობს და ამის მიღმა რაღაც სექსისტური მოტივაცია იყო, რაზეც ზოგიერთები მიუთითებენ, ამ საკითხით პირადად მე დავინტერესდები. თუმცა მე ვფიქრობ, ალბათ, ეს თემა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა გვაქვს ამ მიმართულებით სამინისტროში”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლოს პარალელურად, სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე წინა ფლანგზე ქალი პოლიციელების კორდონი იდგა.

აქციის მონაწილეებმა მათ ყვავილები მიუტანეს. უფლებადამცველ ბაია პატარაიას შეფასებით, ოპოზიციის აქციის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენება შსს-ს მხრიდან შინაარსობრივად სექსისტური.

 

იტვირთბა....