პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თელავში დაგეგმილ ინაუგურაციასა და ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხაა, რომ პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა და მთავრობა იმისთვისაა, რომ აღკვეთოს ასეთი პროვოკაციები.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ინაუგურაცია ჩაივლის მშვიდად და ოპოზიციას პროვოკაციების შესაძებლობა არ მიეცემა.
„რაც შეეხება თელავში დაგეგმილ აქციას ზოგადად, პროვოკაციების მოწყობა ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები და დამერწმუნეთ, რომ ინაუგურაცია ჩაივლის დაბრკოლებების გარეშე. შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც საჭიროა და იმ სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში“, –განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის სასახლის რეაბილიტაციაზე და განმარტა, რომ პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ ათონელის სასახლეში შევა და სასახლე მზადყოფნაში იქნება. „მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს ამაზე და დარწმუნებული ვართ, რომ სათანადო დროს იქნება უზრუნველყოფილი სასახლის გადაცემა პრეზიდენტისთვის. ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევა“, –განაცხად ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, 16 დეკემბერს თელავში ჩატარდება.