ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აშშ-ის ელჩობის კანდიდატურის დაბლოკვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ  Foreign Policy-ს ინფორმაცია, საქართველოს მიერ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს სწორი ინფორმაცია არ არის. ამასთან დაკავშირებით ჭორები რამდენიმე კვირის წინაც ვრცელდებოდა და შესაბამისი პასუხი იქნა გაცემული. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომელიც შემდეგ ქართულმა მედიასაშუალებებმაც აქტიურად აიტაცეს, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია. მედიასაშუალებას მოქმედმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა ვაშინგტონში უთხრეს, რომ საქართველომ მიანიშნა, რომ ბრინქის კანდიდატურის დანიშვნის შესახებ დიპლომატიურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა.

გამოცემა Foreign Policy-სთან მრავალმა ამერიკულმა და ქართულმა წყარომ ივარაუდა, რომ ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამ ბრალდების დამოუკიდებლად დადასტურება რთულია.

ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. ამ თემაზე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველ ჯონ ბოლტონს საქართველოში ვიზიტისას დაუსვეს კითხვა. როგორც მან განაცხადა, საქართველოში აშშ-ის ელჩის შერჩევა სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება.

ამ დროისთვის, საქართველოს გარდა, ამერიკის ელჩი 50-მდე ქვეყანაში არ არის წარდგენილი ან დამტკიცებული. ინფორმაცია ასევე უარყო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

იტვირთბა....