საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას რამდენიმე ქვეყნიდან პარლამენტის თავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძე ადასტურებს.
როგორც ჟურნალისტებს თოთლაძემ განუცხადა, სტუმრებთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.
მისი თქმით, იმ სტუმართა ჩამონათვალი, რომელზეც გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა, ძალაშია.
„თუ რაიმე დაემატება, აუცილებლად შეიტყობთ. უშუალოდ პრეზიდენტებზე მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება მაღალი დონის დელეგაციებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან დადასტურება გვაქვს პარლამენტის თავმჯდომარეების, მათი მოადგილეებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, – დასძინა თოთლაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უკვე დასტური სომხეთის პრეზიდენტისგან, ასევე ჩამოვა დელეგაცია ჩეხეთიდან, რომელსაც უხელმძღვანელებს სენატის თავმჯდომარე, სერბეთიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე.
„გვეყოლება ასევე ლიეტუვის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით, რუმინეთის დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს რუმინეთის ვიცე-პრემიერი, მოლდოვის დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი, თურქმენეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს ვაჭრობის მინისტრი“, – განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.