ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

რომან კაკულია: „კონკურენციის თემა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკა საქართველოში ეფუძნება თავისუფალ ბაზარს”

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა.

კონკურენციის  კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე იმსჯელეს დეპუტატებმა და ექსპერტებმა დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში კონკურენციის მნიშვნელობაზე, კონკურენციის სააგენტოს ფუნქციების დახვეწის საჭიროებაზე და კანონმდებლობაში ამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე.

„კონკურენციის თემა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან  ეკონომიკა საქართველოში ეფუძნება თავისუფალ ბაზარს. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ბევრი მიმართულებით არის დასახვეწი კანონმდებლობა. კერძოდ დასახვეწია  თავად კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი, პროცედურული ნორმები და სხვა. თუნდაც ის, რომ არსებობს სახელმწიფო, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ისეთი სუბიექტებიც, რომელსაც არ მოიცავს კანონმდებლობა. ასევე არასრულყოფილია ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის განხორციელება, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მათზე რეაგირების საკითხები.  ამ  მიმართულებით არსებული კანონმდებლობა შეიცავს ხარვეზებს“, – განაცხადა შეხვედრაზე უმრავლესობის დეპუტატმა რომან კაკულიამ.

შეხვედრაში, რომელიც გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით (GIZ), მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი – ვინსენტ რეი, ექსპერტები და სპეციალისტები.

იტვირთბა....