დღეს გამართულ ბრიფინგზე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა უარი თქვას პრეზიდენტობასა და ოლიგარქის მონობაზა.
ნათელაშვილი ინაუგურაციის თელავში ჩატარების გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ცერემონიის თელავში ჩატარება საკუთარი მოქალაქეებისგან გაქცევის მცდელობაა.
„მე მოვუწოდებ ქალბატონ ზურაბიშვილს ნუ გახდება ოლიგარქის სამუდამო მძევალი. უარი განაცხადოს ინაუგურაციის დაგეგმილ ცერემონიალზე და მოგვცეს საშუალება 2 თვეში ჩავატაროთ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები. პირველი შემთხვევაა მსოფლიოს საპრეზიდენტო ინაუგურაციების ისტორიაში, რომ პრეზიდენტი ე.წ. გარბის დედაქალაქიდან და ჩუმად სხვაგან სდებს ფიცს. არავითარი თვითმმართველობისადმი ყურადღების ნიშანი არ არის, რომ თურმე აი ამ ყალბად გაყვანილი ქალბატონის ინაუგურაცია შედგება თელავში. აქ არის მიზანშეწონილი გამოთქმა: სად ერეკლე, სად სალომე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ოპოზიცია.