ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტის გამო, საპარლამენტო უმცირესობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და ამბობს, რომ მინისტრმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.
როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, მინისტრის გარდა უნდა დადგეს განათლების უწყების შესაბამისი თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი.
კახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო მასშტაბით გამოყენებას და მათ შორის, ეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხო.
ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტის გამო მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვს ასევე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.
შგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას სკოლის დირექტორზე ზეწოლად აფასებდა.