არსებობს ეჭვი, რომ უკრაინის დაკავებულ ექვს მოქალაქეს კავშირი ჰქონდათ გაერთიანებული ოპოზიციის აქციასთან – ამის შესახებ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. მისივე თქმით, ეჭვები დაკავებულების განცხადებებიდან და სხვადასხვა აქციებზე მათი ვიზიტებიდან გამომდინარე გაჩნდა.
“ეს დღეს მხოლოდ ეჭვია. დღეს გვაქვს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, სად მიგვიყვანს ეს გამოძიება ვნახავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აქედან გამომდინარე და ამ პოლიტიკური პროცესების სენსიტიურობიდან გამომდინარე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თითოეულ სიტყვას ძალიან ფრთხილად ვზომავთ”, — განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე. ტელეკომპანიების რუსთავი 2-სა და TV პირველის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის, სავარაუდოდ, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ლუკა ჩხეტიაა, რომელიც საქართველოში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, თუ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება უკანონოდ ხდება.