არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პასუხისმგებლობა მთლიანად “ოცნებას” დაეკისრება” – “თავისუფალი დემოკრატები” განცხადებას ავრცელებენ

“თავისუფალი დემოკრატები” ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ურთიერთდაპირისპირებულმა ორივე ძირითადმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უკიდურესად ნეგატიური სახის კამპანიით წარმართა – სამშობლოს ღალატში ურთიერთბრალდებებით, საჯაროდ ურთიერთშეურაცხყოფებით, სიძულვილის ენის ინტენსიურად გამოყენებით და ა.შ. ამას დაემატა სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ საარჩევნო პროცესში დიდი ფულის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მუქარა და ძალადობა ოპონენტის მხარდამჭერებზე, ამომრჩევლის ნების კონტროლი და სხვა არასათანადო მოქმედებები.

აღნიშნულმა შედეგად საზოგადოების წევრთა ურთიერთდაპირისპირება და საზოგადოებაში მძიმე აგრესიული მუხტის გაჩენა გამოიწვია, რაზედაც პასუხისმგებლობა უპირველესად სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას ეკისრება.

ასეთი სიძულვილის ფონზე ჩატარებული არჩევნების ლოგიკურ გამოძახილად ჩვენ ვხედავთ კონფლიქტებს და ინციდენტებს საზოგადოების ცალკეულ წევრებსა თუ ჯგუფებს შორის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, რაც რიგ შემთხვევებში, ძალადობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მაგალითისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ორიოდე დღის წინ ქუთაისის აეროპორტში ჯონი გიგანისა და თაკო ჩარკვიანის ოჯახზე განხორცილებული სამარცხვინო თავდასხმა. არის სხვა შემთხვევებიც.

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საზოგადოების გახლეჩვა და ურთიერთდაპირისპირება. ხელისუფლების ვალდებულებაა ქმედითი ნაბიჯები გადადგას საზოგადოებაში გაჩენილი აგრესიული მუხტის განეიტრალებისათვის.

შექმნილ ვითარებაში, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ თითოეულ ძალადობრივ აქტზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ინციდენტის ობიექტური, სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რომლის შედეგებიც სარწმუნო იქნება საზოგადოებისათვის.

ამ მიმართულებით ხელისუფლების არასათანადო აქტიურობა ძალადობის წახალისების ტოლფასი იქნება, რომლის ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაეკისრება”. – ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი დემოკრატების“ PR და პრესსამსახურის ხელმძღვანელი

ინგა სამხარაძე

იტვირთბა....