რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებას ეხებოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, თავისუფალი არჩევანი დაეფიქსირებინათ.
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.
ჩვენ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება ვიხილეთ. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, თავისუფალი არჩევანი დაეფიქსირებინათ, რაც მათ გააკეთეს. არჩევნები მაღალ დონეზეა შეფასებული ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ. არც საჭიროება და არც საჭიროებიდან გამომდინარე სურვილი არ არსებობს, რომ მივიღოთ ულტიმატუმი. დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო“,- განაცხადა ცქიტიშვილმა
ცქიტიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ ამბობს უარს იმ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც, ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის მართვას ადრე ცდილობდა.
ჩვენ მიხეილ სააკაშვილი უკვე ძალიან ბევრ მასობრივ შეკრებაზე ვიხილეთ, როგორც ფილარმონიაში, ასევე გუშინდელ აქციაზე. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ ამბობს უარს იმ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც ცდილობდა მანამდე, რომ წარემართა ეს ქვეყანა “, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.