ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად ხვალ ყველანი რუსთაველის გამზირზე!”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მშვიდობის, სტაბილურობისა და შვილების მომავლის დასაცავად, ხვალ ყველანი რუსთაველის გამზირზე უნდა გამოვიდეს.

მისივე თქმით, შეუძლებელია, საქართველოში თითქმის 900 000 ხმა აიღო და არჩევნები არ მოიგო.

„დღეს ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, რომლებიც აცილებდნენ თავის შვილს უცხოეთში, დაესხნენ თავს ხელისუფლების მიგზავნილი ექვსი პროვოკატორი, მოძალადე და კრიმინალი. მათ უნდათ, რომ ჩვენ დაგვაშინონ, მაგრამ ივანიშვილი თვითონ არის შეშინებული. თითქმის 100 000 ბიულეტენია ოფიციალურად გაბათილებული, რომლის აბსოლუტური უმრავლესობას ვაშაძისთვის მიცემული ხმები წარმოადგენს. ამავე დროს, „კარუსელების“ მეშვეობით ჩაყრილია მინიმუმ 200 000 ხმა. „ძველი ბიჭებისა“ და „კარუსელების“ მეშვეობით მოხდა ეგზიტპოლების მანიპულირება. ჩვენ ავიღეთ თითქმის 900 000 ხმა. თეორიულადაც შეუძლებელია, რომ საქართველოში აიღო 900 000 ხმა და არ მოიგო, იმიტომ, რომ ასეთია მოსახლეობის რაოდენობა. 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად ნაკლები ხმით აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. მეგობრებო, ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიკამათოთ, ვინ რაღაც არასწორად გააკეთა ან როგორი არასწორი ტაქტიკა აირჩია. ყველაფერი იყო სწორად. თქვენ არჩევნები მოიგეთ! მე ძალიან ვამაყობ გრიგოლ ვაშაძით!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამ არჩევნებს არ ჰქონდა არაფერი საერთო თავისუფალ არჩევნებთან.

მათ პრაქტიკულად არ აღიარეს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა. იგივე ხდება ევროპაშიც – არ აღიარებენ ლეგიტიმურობას. ნუ დაგაბნევთ ცალკეული მოლოცვები, დასავლეთი გვეუბნება – თუ რამის თავი გაქვთ, გამოდით და დაამტკიცეთ, როგორც ეს 2003 წელს მოხდა, როგორც სომეხმა ხალხმა მიმდინარე წლის აპრილში. თუ ჩვენ ამ ძალადობას დედის რძესავით შევირგებთ, ძალადობა გაგრძელდება და ძალმომრეობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამიტომ ჩვენი მშვიდობის, ჩვენი სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად ხვალ ყველანი რუსთაველის გამზირზე! ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! მე თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთვის, და არა ჩვენთვის, არა სკამებისთვის, მე ნამდვილად არაფერი არ მინდა, მაგრამ ახლა წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები, ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა! ვაჩვენოთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა! ბრძოლა გამარჯვებამდე! აბა, თქვენ იცით!“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მეხუთე ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეყოლება. ამ შედეგს არ აღიარებს “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი და მისი გუნდი, რის გამოც ხვალ რუსთველის გამზირზე აქციას მართავენ.

იტვირთბა....