არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ზურაბიშვილი ბილბორდიდან დამალეს, პრეზიდენტი რომ გახდეს, საიდან დამალავენ?

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მოსახლეობამ პირველ ტურში უარი უთხრა ხელისუფლებას და აჩვენა, რომ ცვლილებები უნდა.

როგორც ბაქრაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში აღნიშნა, მთავრობა ყველა ხერხს იყენებს იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სასურველი შედეგი მიიღოს და სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს.

„იყენებს ყველაფერს, დაწყებული დაშინებით და დასრულებული პროდუქტის და ფულის დარიგებით პირდაპირ, ყველა მეთოდს იყენებს მთავრობა, არასდროს ასე აქტიურად ადმინისტრაციული რესურსი არ ყოფილა საქართველოში გამოყენებული,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„თუ ჩვენ ხელისუფლების შიშით, ზეწოლის შიშით, სამსახურის დაკარგვის შიშით, კიდევ ერთხელ გავამარჯვებინებთ ამ ხელისუფლებას, ზუსტად იგივე იქნება მომავალ არჩევნებშიც – ვიცხოვრებთ ცუდად, მაგრამ შეგვეშინდება უკეთესად ცხოვრება იმის გამო, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად დაგვემუქრება. ამიტომ გზა, რომლითაც ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდებით, ამ შიშისგან ის კი არ არის, რომ ხელისუფლებას გავუწიოთ ანგარიში, არის სწორედ ის, რომ ჩვენი რწმენის, ჩვენი სინდისის, ჩვენი მომავლის ხედვით გავაკეთოთ არჩევანი და ამ არჩევანით დავამარცხოთ ხელისუფლება,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ. დავით ბაქრაძის თქმით, ხვალ სწორედ პრინციპული არჩევნებია, რადგან მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატია ის, ვის ციტატებსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. ბაქრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, გრიგოლ ვაშაძეს ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებები არ გაუკეთებია. „ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, რომელიც 6 წელი ამ ქვეყნის სახე უნდა იყოს და ადამიანი, რომელსაც ბილბორდიდან მალავს საკუთარი გუნდი, გვინდა, რომ იყოს ჩვენი ქვეყნის სახე და თითოეული ჩვენგანის სახე მომავალი 6 წლის განმავლობაში… კი, ბატონო, გუშინ ბილბორდიდან დამალეს, მაგრამ ხვალ რომ პრეზიდენტი გახდეს, ზეგ საიდან დამალავენ, პრეზიდენტობიდან დამალავენ?“ – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

იტვირთბა....